რეგიონი
მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში სკოლების მშენებლობაზე ტენდერები გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში სკოლების პროექტირებასა და მშენებლობაზე სამი ტენდერი გამოაცხადა. თითოეულ მათგანში შესყიდვის ღირებულება მილიონ 200 ათასზე მეტ ლარს შეადგენს. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ჩხოროწყუში, ხაბუმეს თემში, ახალი, 60 მოსწავლეზე გათვლილი №3 საჯარო სკოლის პროექტირება და მშენებლობა გამარჯვებულმა ხელშეკრულების დადებიდან 14 თვეში უნდა უზრუნველყოს, ისევე, როგორც მარტვილის სოფელ წაჩხურუში. 

Design-Build მეთოდით 60 მოსწავლეზე გათვლილი №1 საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკუფუს თემშიც. 

მანამდე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი სკოლების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერები წალენჯიხისა და აბაშის ორ სოფელში გამოაცხადა. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობას აპირებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 68 მილიონი ლარია, ინფორმაცია ამის შესახებ უწყებამ გაავრცელა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შორისაა ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი და აბაშა.
Print