რეგიონი
ბაჩანა შენგელია პრეზიდენტს: თქვენს წინასაარჩევნო აგრესიულ კამპანიას შეეწირა ქალბატონის სიცოცხლე ზუგდიდში
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და ამბობს, რომ სწორედ ზურაბიშვილის წინასაარჩევნო“ აგრესიულ“ კამპანიას შეეწირა კერზაიას სიცოცხლე. შენგელია წერს, რომ ამის თაობაზე აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება აქვთ, მათ შორის ია კერზაიას ინტერვიუ, რომელიც ჩაწერილია გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე.

„თქვენ დღეს გაქვთ ანგარიშის წარდგენა საქართველოს პარლამენტში და იქნებ სადმე, როდესმე მაინც გეხსენებინათ ია კერზაიას საქმე, უბრალოდ გეთხოვათ საგამოძიებო უწყებისთვის გამოეძიებინა ეს საქმე. ნუთუ ვერ გრძნობთ, რომ ეს საქმე მანამ იქნება თქვენს კარიერაში დიდ შავ ლაქად, სანამ სავარაუდო დამნაშავეები, ყველა უკლებლივ, მიხეილ ბატიაშვილის ჩათვლით არ იქნებიან გასამართლებული კანონის მთელი სიმკაცრით?

საქმემ არ დაგაინტერესათ, ქალურმა სოლიდარობამ მაინც არ არ გაიღვიძა თქვენში? გეკითხათ მაინც ვინ იყო, რა საქმეები უკეთებია, რამდენი თაობა გაუზრდია და რას გრძნობენ ახლა მისი ოჯახის წევრები. არ იყო თქვენი ჩამოსვლა ზუგდიდში გულწრფელი და გიგა ოთხოზორიას სახლში მოსვლა, იას სახლშიც უნდა მისულიყავით. საერთოდ რომ გამოვრიცხოთ პოლიტიკური დევნა, უბრალოდ როგორც ქალს, რომელსაც პრეზიდენტი პოსტი გიკავიათ, ასეთი ადამიანის გარდაცვალება ოდნავ მაინც არ მიიტანეთ გულთან ახლოს?

და ბოლოს, სად არის თქვენი შვილი ახლა, რომელიც ამბობდა, რომ დედა დაუთმო საქართველოს და რომელიც სამარცხვინოდ, დებატებში იწვევდა თქვენი კონკურენტის შვილს? დედა მე დავუთმე საქართველოს, ის შეეწირა იმ ღირებულებებს და პრინციპებს რასაც ქვეყნის, საკუთარი საქმის და მომავალი თაობის სიყვარული ჰქვია. მე წამართვა დედა თქვენმა ძალადობრივმა საარჩევნო კამპანიამ და თქვენ ახლა პრეზიდენტის რანგში გამოდიხართ პარლამენტში, მე კი მის დანატოვარ ნივთებს და ფოტოსურათს ვეფერები. ნუთუ ეს არის სამართალი?არ არის ეს სამართალი, არა”, - წერს შენგელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ამავე თემაზე:

ია კერზაიას შვილი განათლების მინისტრის გამოკითხვას ითხოვს

მსჯელობა ია კერზაიას საქმეზე
Print