რეგიონი
აქცია-მსვლელობა ქალთა უფლებების დასაცავად ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში ცენტრალურ ხეივანში აქცია - მსვლელობა გაიმართა, რომლის მიზანიც სექსუალური შევიწროების შესახებ პარლამენტში განსახილველად მომზადებული კანონპროექტის მხარდაჭერა და აღნიშნული საკითხის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებაა. აქციის ორგანიზატორის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელის ციცინო შენგელიას თქმით, მსგავსი ღონისძიებები ქალთა უფლებების დასაცავად  ყოველ რვა მარტს იმართება.

„ჩვენი ორგანიზაცია ყოველ რვა მარტს აქციით, პერფორმანსითა და მსვლელობით აღნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვუთხრათ, ქალთა უფლებების შესახებ და იმაზე თუ, რა მნიშვნელობა აქვს რვა მარტს. წლევანდელი რვა მარტის ღონისძიებები ეძღვნება იმ კანონს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქალისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ გვქონდეს კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ. მნიშვნელოვანია გამოვიყურებოდე ისე, როგორც მინდა, ვიცვამდე ისე, როგორც მინდა. კანონი მიცავდეს, რომ მე არ ვიყო დაკვირვების ობიექტი, კანონი უნდა მიცავდეს, რომ მქონდეს პირადი ცხოვრება და არ ვიყო შანტაჟის ობიექტი“, - აღნიშნა ციცინო შენგელიამ.

„სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის“ ცენტრი 2016 წლიდან  მუშაობს ქალთა უფლებების დასაცავად და განხორციელებული აქვს ორი ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო მასშტაბის პროექტი. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა. მას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 


Print