ახალი ამბები
სასამართლომ მესტიის მერიის ააიპ-ს ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაავალა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის ბრძანება თანამშრომლის მანანა საღლიანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ააიპ-ის ხელმძღვანელს დაევალა საღლიანი სამსახურში იმავე თანამდებობაზე აღადგინოს და განაცდური აუნაზღაუროს.

საღლიანის ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავდა.

მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ის შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ სამსახურში მისვლას და მუშაობის გაგრძელებას აპირებს. მოპასუხე მხარე მას უდისციპლინობას ედავებოდა.

"ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დავდიოდი სამსახურში და ამის შესახებ წერილობით მქონდა ინფორმაცია მათთვის გადაცემული. თუ მათ არ გაასაჩივრეს გადაწყვეტილება, უახლოეს ხანებში სააღსრულებო ფურცლით მივალ სამსახურში", - აღნიშნა საღლიანმა.

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, ააიპ-ის დირექტორმა გეგი ფალიანმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილება პირადად არ ჩაბარებია და საკითხზე კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს.

მესტიის მუნიციპალიტეტის ორი ააიპ-ის ხელმძღვანელი და ერთ-ერთის თანამშრომელი პოსტებიდან გასული წელს გაუშვეს. ისინი მერს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. სახელოვნებო სკოლის ყოფილი დირექტორის მაია კახიანის, ააიპ კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის ნარგიზ ნიგურიანისა და ააიპ კულტურის სამსახურის თანამშრომლის მანანა საღლიანის მტკიცებით, ისინი პოსტებიდან იმის გამო გაუშვეს, რომ ჰესების საწინააღმდეგო აქციებზე გამოდიოდნენ და საკუთარ პოზიციას გამოხატავდნენ.

მათ საპასუხოდ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერი. კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მათთვის ცნობილი იყო და ეს ჰესების საწინააღმდეგო აქციებს არ უკავშირდება. მერიის ინფორმაციით, მათი გათავისუფლება რეორგანიზაციას (სამი ააიპ-ის გაერთიანებას) უკავშირდებოდა.  ზუგდიდის სასამართლო ნიგურიანისა და კახიანის საქმეებსაც განიხილავს.

ამავე თემაზე:

მესტიის აიპების ხელმძღვანელები მერს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

Print