ახალი ამბები
ფოთში ერთადერთ სამშობიარო სახლს საქმიანობის უფლება შეუჩერეს
ქალაქ ფოთში არსებულ ერთადერთი სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილებას საქმიანობის უფლება შეუჩერდა. შესაბამისი ბრძანება ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის შემსწავლელმა სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ გასცა. როგორც ფოთის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, მიმდინარეობს კლინიკებთან მოლაპარაკებები.

„სამწუხაროდ, სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდნენ. დრო ჰქონდათ ხარვეზების გამოსასწორებლად, მაგრამ 14 თებერვლის ბრძანებით შეუჩერდათ საქმიანობის გაგრძელების უფლება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლინიკებთან, ასევე, ვმუშაობთ, რომ მშობიარეები გაიყვანონ უახლოეს სამშობიარო დაწესებულებამდე სხვა ქალაქში“, - აღნიშნა მაკალათაიმ.

სამშობიარო სახლში კი ამბობენ, რომ ინვესტორების ძიების პროცესში არიან. პედიატრმა რუსუდან დიასამიძემ განმარტა, რომ მათ სტანდარტების დაკმაყოფილება ფინანსური რესურსების კლების გამო ვეღარ მოახერხეს.

„გაიზარდა მოთხოვნები და შემცირდა ფინანსური რესურსი. გაჩნდა რისკი პაციენტების გადინების, რადგან ჩვენ ლიცენზია გვქონდა მხოლოდ სამეანო მომსახურების პირველ დონეზე, ანუ ფიზიოლოგიურად მშობიარეების მიღებაზე. ფაქტობრივად, თანხა ხელფასებისთვის თუ გვყოფნიდა“, - გვითხრა დიასამიძემ.

სამშობიარო სახლში აპირებენ, რომ ინვესტორის მოძიების შემთხვევაში, სამი თვის შემდეგ ლიცენზიის აღდგენაზე განაცხადი ისევ შეიტანონ.

Print