ახალი ამბები
მინისტრი: ორ-სამ წელში აზიურ ფაროსანას დავამარცხებთ
ექსპერტების შეფასებით, დაახლოებით ორ-სამ წელში აზიურ ფაროსანას დავამარცხებთ. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 2019 წელს კომპლექსური ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელთა შედეგები საკმაოდ მნიშვნელოვანია და საჭიროა მოსახლეობის ჩართულობაც.

„2018 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო 2017 წელთან შედარებით. სახელმწიფოს ბრძოლის ღონისძიებები იძლევა შანსს, რომ გადავარჩინოთ სასოფლო- სამეურნეო კულტურები, მაგრამ საბოლოო შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ კუთვნილ ნაკვეთებს გლეხებმა თავად მიხედონ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილის თქმით, საქართველოში მავნებელთან ბრძოლის უნიკალური გამოცდილება დაგროვდა, რომლის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება მნიშვნელოვანია.

მინისტრი დღეს საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა, რომელიც სეს-ის ორგანიზებით ტარდება და მის ფარგლებში მსოფლიოს 26 ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილებას განიხილავენ.


Print