ახალი ამბები
ნარაზენის მაჟორიტარი: სკოლაში ბათქაში ცვივა
ნარაზენის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი თოდუას ინფორმაციით, სოფლის საჯარო სკოლაში ბათქაში ცვივა, რაც საფრთხესთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ მან საკრებულოში მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს მიმართა და სთხოვა იმ სკოლების ჩამონათვალი გაესაჯაროებინათ, რომლის რეაბილიტაციაც არის დაგეგმილი.

“ჩვენი ძალებით ვცდილობდით აქამდე, რომ მოგვეწესრიგებინა ეს პრობლემა, მაგრამ როცა რეაბილიტაციის შესახებ გავიგეთ, რესურსცენტრს მივმართეთ. ასევე, ინფრასტრუქტურის სამსახურს, რომლის წარმომადგენლები უნდა მოსულიყვნენ, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და დაედოთ დასკვნა, თუმცა არავინ მოსულა”,-აღნიშნა თოდუამ.



მის საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ საუბარია მიზნობრივ ტრანსფერზე და ამ ეტაპზე ის სკოლები რეაბილიტირდება, რომელსაც სახურავის, ჭერის, იატაკის, ფანჯრების და სველი წერტილების პრობლემა აქვს, გამონაკლისის სახით კი კახათის პირველ საჯარო სკოლაში გათბობის სისტემა დამონტაჟდება.

რაც შეეხება სკოლების ჩამონათვალს, მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსის მამუკა ლოგუას თქმით, ის შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საკრებულოს წარედგინება. მისივე განმარტებით, სკოლებში პრობლემები რესურსცენტრის დახმარებით იდენტიფიცირდა.


Print