ახალი ამბები
საკრებულოს თავმჯდომარე:"თაუნ პარკს" უფლება არ აქვს, მოქალაქეებს პარკირების საფასური გადაახდევინოს
ზუგდიდის მერია "თაუნ პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის აქტის შეჩერებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეს განმარტებას მოსთხოვს. ამის შესახებ მერიის იურისტმა ნათია ჩიტაიამ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, მოსამართლეს ადმინისტრაციული კანონის შესაბამისად, არ ჰქონდა უფლება, რომ უკვე აღსრულებული სამართლებრივი აქტი შეეჩერებინა.

"ეს ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აღსრულდა და ძალაში შევიდა ჯერ კიდევ 3 იანვარს, მოსამართლემ კი პირველ თებერვალს მიიღო მისი შეჩერების გადაწყვეტილება, რისი უფლებაც არ ჰქონდა და სამართლებრივად უსაფუძვლოა. ჩვენ გვაქვს ამის უფლება და მოვთხოვთ მოსამართლეს, განგვიმარტოს მისი გადაწყვეტილების საფუძველი", - თქვა ჩიტაიამ.

აღნიშნული საკითხი სხდომაზე ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ დასვა. მისი შეფასებით, "თაუნ პარკსა" და მერიას შორის არსებული დავა კითხვის ნიშნებს ბადებს და შესაძლოა, ამის გამო ზუგდიდის ბიუჯეტმა იზარალოს.

"ჯერ მერის მოადგილემ ხალხს მოუწოდა, არ გადაეხადათ პარკირების საფასური, მერე სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება კანონიერი არ იყო, მერია კი ახლა ამბობს, რომ სასამართლომ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. მე ვერ დამაკმაყოფილა მათმა პასუხმა და გაურკვეველი სიტუაციაა. არ გამოვრიცხავ, რომ სასამართლოს წაგების შემთხვევაში ბიუჯეტსაც ვაზარალებთ იმით, რომ არ შემოსულა გადასახადები ამ პერიოდში და ასევე მერიას დაეკისროს ჯარიმა", - განმარტა შელიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია კი ამბობს, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან გამომდინარე, "თაუნ პარკს" ამ ეტაპზე უფლება არ აქვს, პარკირების საფასურის მოსთხოვოს მოქალაქეებს.

"იურისტების განმარტებით, მერიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი იყო აღსრულებული, როცა ზუგდიდის სასამართლომ მიიღო შეჩერების გადაწყვეტილება. "თაუნ პარკს" არ აქვს მოსახლეობისგან თანხის აკრეფის უფლება, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას არ აქვს ოპერირების უფლება, შესაბამისად, მოსახლეობას აქვს უფლება არ გადაიხადოს ეს თანხები. საბოლოოდ კი, არსებითი განხილვის შემდეგ გადაწყდება ამ სამართლებრივი აქტის კანონიერება", - განაცხადა წოწერიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მერიასა და „თაუნ პარკს“ შორის დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის განკარგულების შეჩერების შესახებ. 




Print