ახალი ამბები
ციხელაშვილი: ვმუშაობთ, რომ კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე ობიექტური გარემოებები დადგინდეს
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ყველა შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს და ყველა მექანიზმი ჩართულია, რომ 28 წლის ქართველი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე ობიექტური გარემოებები დადგინდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე უთხრა.

"პირადად ვესაუბრე ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენელს, რომელსაც ხვალ ვიზიტი აქვს სოხუმში და ამ ვიზიტისას ეს ფაქტი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა. ამ საკითხზე აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და გარემოებების გათვალისწინებით მიეცემა კვალიფიკაცია. ჯერჯერობით, სხვა რამე ვარაუდის გამოთქვა არ შემიძლია, რადგან ვფლობთ იმ ინფორმაციას, რაც მათ მოგვაწოდეს. ასეთ მძიმე ფაქტზე მე ვალდებული ვარ, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით აღვიჭურვო, რომ ვერ დავიწყებთ ვერანაირად სპეკულაციებს.ახლა სხვა ვარაუდის გამოთქმა იქნება ძალიან უპასუხისმგებლო იმიტომ, რომ ფაქტი თავისთავად არის მძიმე", - აღნიშნა მინისტრმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედ ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა.
Print