ახალი ამბები
JAMnews: დაურ კოვეს ინფორმაციით, კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიამ დაკითხვის ოთახში თავი ჩამოიხრჩო. ამის შესახებ მან JAMnews-ს უთხრა.

“კვარაცხელია რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. ეს მოხდა 12 მარტს, 16 საათზე და 55 წუთზე. კვარაცხელია სოფელ ნაბაკევში გადაიყვანეს. ის დატოვეს ოთახში, რათა მას განმარტებითი ბარათი დაეწერა. თუმცა, რამდენიმე ხანში იგი ამ ოთახში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ეს ყველაფერი ერთი საათის განმავლობაში მოხდა,” – უთხრა კოვემ JAMnews-ის სოხუმელ კორესპონდენტს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედ ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. თვითმხილველი, რომელიც კვარაცხელიას დაკავებას შეესწრო, ამბობს, რომ კვარაცხელიასა და რუს ე.წ. მესაზღვრეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მისი ინფორმაციით, ის ნაბაკევში მაშინ დააკავეს, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა უნდოდა. მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ადგილობრივები დარწმუნებული არიან, რომ კვარაცხელია ცემაში შემოაკვდათ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლის თქმით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

28 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონის სოფელ აჩიგვარას მკვიდრი იყო. მას ერთი შვილი ჰყავს. ის დევნილად სენაკში, ერთ-ერთ მისამართზეა რეგისტრირებული, თუმცა ქობალია ამბობს, რომ აღნიშნულ მისამართზე ამ დროისთვის არავინაა.

ამავე თემაზე:


ზალკანიანი: კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე პარტნიორ ქვეყნებს საქმის კურსში ჩავაყენებთ


Print