ახალი ამბები
ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარდა (ვიდეო)
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის რუსლან აბაშიძის ინფორმაციით, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილ 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარდა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროცესში ქართველი ექსპერტები მონაწილეობდნენ, თუმცა აბაშიძე არ საუბრობს, აღენიშნება თუ არა დაზიანებები ცხედარს.

„ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს ფაქტების გადამოწმება. ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ყველა ფაქტს დაადგენს ექსპერტიზა და გამოძიება. ჩატარდა პირველადი დათვალიერება და ახლა არის გადასვენებული ექსპერტიზაზე. ვერსიებზე ვერ ვისაუბრებთ“, - აღნიშნა მან.



დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემაც. მან არც ის დააკონკრეტა, რა პროცედურები ჩატარდა ცხედრის გადმოსვენების დროს.

„აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო პარტნიორები ცხედრის გადმოსვენების პროცესში, მათ შორის, განსაკუთრებით ევროკავშირის სადამკვირებლო მისია. კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა ჩატარდა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, როგორც კი კონკრეტულად გახდება ცნობილი ცალკეული დეტალები, აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას“, - უთხრა ჟურნალისტებს ანთაძემ.

ადგილზე იმყოფებოდა დევნილთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, რომელმაც თქვა, რომ ის პროცესს მხოლოდ ესწრებოდა და დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. გიორგაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის სენაკში, გარდაცვლილის შვილის მონახულებას აპირებს.

ოფიციალურმა პირებმა ასევე არ უთხრეს ჟურნალისტებს, ვინ იყო აფხაზური მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართული.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ენგურის ხიდზე რეანომობილით რამდენიმე წუთის წინ გადმოასვენეს.

ამავე თემაზე:

ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ენგურის ხიდზე გადმოასვენეს
Print