რეგიონი
ეკონომიკის სამინისტრო ცაიშის ბალნეოლოგიურ კურორტს გაყიდის
„Business Time”-ის ინფორმაციით, „ცაიშის ბალნეოლოგიურ კურორტს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტო გასაყიდად ამზადებს.

როგორც მედიასაშუალებას ქონების ეროვნულ სააგენტოში განუმარტეს, ამ ეტაპზე უწყებაში ობიექტის საპრივატიზებოდ მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

„გაცნობებთ რომ ზუგდიდის რაიონში, სოფელ ცაიშში მდებარე 43.20.42.454 და 43.20.42.453 კოდებზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც „ცაიშის ბალნეოლოგიური კურორტი“, წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. აღნიშნული ობიექტის მიმართ დაინტერესება, მისი უნიკალური ლოკაციიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდია და ამ ეტაპზე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ობიექტის საპრივატიზებოდ მომზადების პროცესი მიმდინარეობს, მასზე შემდგომში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სოფელ ცაიშის ტურისტული პოტენციალის ამაღლებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პრივატიზებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ცნობილი გახდება უშუალოდ ობიექტის პრივატიზების პროცესის ინიცირების ეტაპზე“, - უთხრეს "Business Time"-ს ქონების ეროვნული სააგენტოში.

რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ეკონომიკის სამინისტროსთან აწარმოებს.

კვირკვია სწორედ ის ბიზნესმენია, რომელიც ზუგდიდის ყოფილი მერისა და მაღალჩინოსნების საქმეში ფიგურირებს. 

ამავე თემაზე:

ცაიშის ბალნეოლოგიური კურორტის წარსული და შესაძლო პერსპექტივები (ვიდეო)






Print