ახალი ამბები
აშშ-ს ელჩის შეფასებით, კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა
ამერიკის შეერთებული შტაბების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რიჩ უილსონი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ირაკლი კვარაცხელიას ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვალება იყო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სამინისტროდან აცნობეს.

„ჩვენ განვიხილეთ არსებული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ მძიმე, ტრაგიკულ ინციდენტზე, რომელიც ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებას უკავშირდება - ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციით, თვითმკვლელობას, თუმცა ახლა ექსპერტიზა ტარდება და ალბათ მეტი ინფორმაცია გვექნება. ელჩისგან კიდევ ერთხელ მოვისმინე ის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მყარი პოზიციაა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მათი მხარდაჭერა. ასევე, სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა და ამ პროცესის უალტერნატივობა. ცხადია, ის, რაც რუსეთის მხრიდან ხორციელდება, სრულიად მიუღებელია. ეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც აისახა“,“- აღნიშნა ციხელაშვილმა.

თავი მხრივ, რიჩ უილსონი ირაკლი კვარაცხელიას ამ დროისთვის დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს „საშინელს“ უწოდებს და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს.

„ამ ფაქტს ადამიანის უფლებათა შემდგომ ანგარიშში აუცილებლად ავსახავთ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სამინისტროს მუშაობა“,- დასძინა მან.

გარდა ამისა, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მხარდაჭერას გამოხატავს იმაზე, რასაც სახელმწიფო მინისტრი, მისი თქმით, შერიგების მიმართულებით და ქვეყანაში, მათ შორის,აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აკეთებს.

ამავე თემაზე:

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს (ვიდეო)
Print