რეგიონი
ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი ჭაბუკა ლემონჯავა სასამართლოს დარბაზიდან 45 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ლემონჯავას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ძირითადი მოწმეების დაკითხვა დასრულებულია და გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების შუამდგომლობაც სწორედ ამის შემდეგ დაკმაყოფილდა.

"ძირითადი მოწმეების დაკითხვა დასრულებულია და ის საფრთხე, რომ თითქოს ბრალდებული ზემოქმედებას მოახდენდა მოწმეებზე არ არსებობდა. ამიტომაც დავაყენეთ შუამდგიმლობა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების შესახებ", - განაცხადა ჯანაშიამ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ დღევანდელ პროცესზე მიიღო.

საქმეზე ლემონჯავას თანამშრომლები, გამიმძიებლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მოქალაქეები უკვე დაიკითხნენ.

2018 წლის 23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ გამოძიება ჯერ 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, შემდეგ კი 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეცვალა, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ცხრა მოწმე დაიკითხა
Print