ახალი ამბები
ანაკლიაში ხარლამპიდების ოჯახი სახანძრო-სამაშველო სადგურის მშენებლობას აპროტესტებს (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ხარლამპიდების ოჯახი ენგურის სანაპიროზე, მათი საცხოვრებლიდან 20 მეტრში სახანძრო-სამაშველო სადგურის მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, აღნიშნულ მიწაზე სამასწლიანი ხეებია, რომელთაც მოჭრას უპირებენ. გარდა ამისა, მათი თქმით, იქ, სადაც ახლა სახანძროს შენობას აშენებენ, საძროხე და წისქვილი აქვთ, რომელსაც დანგრევას უპირებენ.

"ვის ჰკითხეს აქ შენობის აშენება. 20 მეტრში მიშენებენ სახანძროს. ამ ხეებს ფესვებს უთხრიან, მერე გახმება და მოჭრიან. ეს მიწა სოფლის რომ იყო იმიტომ არ გადავიფორმე“, - ამბობს თემურ ხარლამპიდი.

მათ მხარდასაჭერად ადგილზე მეზობლებიც არიან შეკრებილები. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული ტერიტორია ამ სახით სწორედ ხარლამპიდებმა შეინარჩუნეს.

პარალელურად, სახანძრო-სამაშველო სადგურის სამშენებლო სამუშაოებისთვის მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია.

ტექნიკასთან მიახლოება ნინო ხარლამპიდმა რამდენჯერმე სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ადგილობრივების ნაწილი ანაკლიაში ენგურის სანაპიროზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის აშენებას რამდენიმე დღის წინაც აპროტესტებდნენ.

თავის მხრივ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ანაკლიაში სადგურის აშენება იგეგმება, სადაც 3 სახანძრო მანქანა გაჩერდება. მათივე ცნობით, მშენებლობისას ხეები არ მოიჭრება.


Print