ახალი ამბები
ანაკლიის გზის პროექტირებაზე ინტერესი ოთხმა კომპანიამ გამოხატა
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, წინადადებების მიღება დასრულდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა და შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური წინადადება წარმოადგინა. მონაწილეებს შორის ერთი ქართული კომპანიებისაგან შემდგარი ამხანაგობაა. ასევე, წინადადებები წარმოადგინეს ესპანურმა, ხორვატიულმა და ავსტრალიურმა კომპანიებმა.

2018 წელს, პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 3 ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

"შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 718 972 ლარს შეადგენს. კომპანიასთან, რომელიც კონკურსში საუკეთესო წინადადებას წარმოადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელშეკრულების გაფორმებას მარტის ბოლომდე გეგმავს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის განსაკუთრებული ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტია. აქედან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაინტერესებულია, რომ პროექტთან მიმართებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შესრულდეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

Print