რეგიონი
ნოქალაქევის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა
სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევში არსებული პ. ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ -არქეოლოგიური კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული სამუშაოებისთვის კი მილიონ 200 ათასზე მეტი ლარი გამოიყო.



სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 2019 წლის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაოა დაგეგმილი, მათ შორის,  უნდა მოეწყოს ახალი ბაღი, სადაც გაშენდება დეკორატიული და სამკურნალო მცენარეები, დამონტაჟდება ორი ახალი მულტიფუნქციური მსუბუქი შენობა, მოწყობა შნაიდერის კოშკისკენ მიმავალი ბილიკი, ხიდის მიმდებარედ ახალი მოაჯირი,  შნაიდერის კოშკსა და გალავნის კედლის ფრაგმენტს ჩაუტარდება საკონსერვაციო სამუშაოები.


ტენდერში წინადადებების მიღება 3-დან 8 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, გამარჯვებულმა კომპანიამ რეაბილიტაციის ეს ეტაპი 2019 წლის 15 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება. კომპლექსურ სამუშაოებს, რომელიც 2016 წელს დაიწყო, სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 14 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პროექტი საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.

Print