პატრიარქის კურთხევით ირაკლი კვარაცხელიას წესი აუგეს (ვიდეო)
12:05 / 17.03.2019
ოკუპირებულ გალში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საკუთარი სახლიდან იოანე ნათლისმცემლის სახელობის
ტაძარში გადაასვენეს, სადაც მას პატრიარქის კურთხევით წესი აუგეს. სწორედ აქ გაიმართება პანაშვიდი, რის შემდეგაც სამ საათზე კვარაცხელიას სენაკში დაკრძალავენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში 11 მარტს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს. მას ექსპერტიზა თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. სწორედ ამის შემდეგ გადმოასვენეს მისი ცხედარი სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც კვარაცხელია გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ამ ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს და ამბობენ, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ქვეყნის ოფიციალურ უწყებებში კი აცხადებენ, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა დაიდება.
მასალის გამოყენების პირობები