ახალი ამბები
ევროკავშირის ელჩი: ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ სირთულეებისა,რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებობს
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიესალმება მისი ნეშტის დროულად გადმოცემას, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ „რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს“.

„ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ კონფლიქტებისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

ოკუპირებულ აფხაზეთში 11 მარტს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ტაძარშია დასვენებული, მას რამდენიმე საათში დაკრძალავენ.

კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს. მას ექსპერტიზა თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. სწორედ ამის შემდეგ გადმოასვენეს მისი ცხედარი სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც კვარაცხელია გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ამ ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს და ამბობენ, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ქვეყნის ოფიციალურ უწყებებში კი აცხადებენ, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა დაიდება.


Print