ახალი ამბები
"ემპათია": კვარაცხელიას მიმართ იყო არაადამიანური მოპყრობა
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ადამიანების გატაცების ფაქტი, უკანონო პატიმრობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არაოფიციალურ საპატიმროში, უკვე ნიშნავს, რომ მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა იყო. ამის შესახებ მან სენაკში განაცხადა, სადაც ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა.

„მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა, ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანი გარდაიცვალა უკანონო საპატიმროში. რაც იმას ნიშნავს, რომ იყო არაადამიანურ მოპყრობას. რა იყო და როგორ იყო, ეს უკვე კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნით გახდება ცნობილი, რომელსაც „ემპათია“ მოამზადებს გამოძიების ყველა მასალაზე დაყრდნობით. ასევე, უნდა გამოვითხოვოთ სოხუმის ექსპერტიზის დასკვნა,მივმართოთ რუსეთის ფედერაციას, ატარებს თუ არა გამოძიებას და რა ვითარებაში გარდაიცვალა ადამიანი. ჯერ ვერავინ იტყვის, ეს მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა.თვითმკვლელობაც რომ ყოფილიყო, აქამდე ადამიანი მიჰყავს რაღაცას. წინასწარი დათვალიერებით, იყო ერთეული დაზიანებები, მე ამაზე ზუსტად ვერ გესაუბრებით, რადგან აღებულია ქსოვილოვანი მასალა და გაგზავნილია ექსპერტიზაზე. პირველადი ექსპერტიზა დაადგენს, იყო ეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი, რა წარმოშობისაა და გარდაცვალების მიზეზებზეც ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

11 მარტს, ოკუპირებულ გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია რამდენიმე წუთის წინ, ძმათა სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.

ამავე თემაზე:

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია დაკრძალეს (ფოტო)
Print