რეგიონი
შამგონას ქორეოგრაფიული ანსამბლი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია
სოფელ შამგონას საჯარო სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "როკვა" ბათუმში გამართულ ცეკვის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე პირველი ადგილი მოიპოვა. შამგონელი მოცეკვავეები მაყურებლის და ჟიურის წინაშე ორი - ქართული და აჭარული ცეკვით წარდგნენ.

"როკვას" კონკურსის მთავარი პრიზი - ქალაქ ბაქოში დაგეგმილ საერთაშორისო კონკურსზე საგზური გადაეცა, სადაც ანსამბლი 5 აპრილს გაემგზავრება.

"ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო ამ კონკურსში მონაწილეობა. საერთაშორისო სტანდარტების იყო და გამოცდილი, აკადემიური ანსამბლები მონაწილეობდნენ. კონკურსი ჩვენ გავხსენით, სიმართლე გითხრათ, არაფერი მახსოვს, იმდენად ემოციურია ეს გამარჯვება. ჩვენთვის დიდი მოტივაციაა ის ფაქტი, რომ ქალაქს გამარჯვებულები დავუბრუნდით. გადმოგვეცა დიპლომი ,,მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის", ასევე მედალი და მთავარი პრიზი - საგზური ქალაქ ბაქოში. დიდი მადლობა ჩემს მოსწავლეებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენი გულშემატკივარია", - უთხრა რადიო "ათინათს" ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბექა ლაგვილავამ.

მისივე თქმით, გამარჯვებულ მოცეკვავეებს სოფელში საზეიმო დახვედრა მოუწყეს.

"როკვა" ნახევარი წლის წინ დაფუძნდა. ქორეოგრაფიულ ანსამბლში სხვადასხვა ასაკის 40-მდე მოსწავლე ცეკვავს.

Print