პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“, სავარაუდოდ, ზუგდიდის მერობის ნაციონალ კანდიდატს დაუჭერს მხარს
„ევროპულ საქართველოს“, სავარაუდოდ, ზუგდიდში მერობის კანდიდატი არ ეყოლება. ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ მაისში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ უთხრა.

„ამ ეტაპზე ასეა მოლაპარაკება, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ და ზუგდიდში მერობის მათ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, მთაწმინდის ოლქში ჩვენი პარტია წარადგენს კანდიდატურას“, - გვითხრა შელიამ.

მანამდე ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “პირველი არხის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ ისაუბრა და განმარტა, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ხმებს არ წაართმევენ.

ამ ეტაპზე, უცნობია, ვინ იქნება ზუგდიდში მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა ანა წითლიძემ გვითხრა, რომ რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის, ნიკა მელია და სანდრა რულოვსი.

„საბოლოოდ, ვისზე შეაჩერებს არჩევანს პოლიტსაბჭო, დაახლოებით, თვის ბოლოსკენ გახდება ცნობილი. ასევე, გადაწყვეტილია, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ოლქებში ხმებს არ წავართმევთ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გვეცოდინება“, - აღნიშნა წითლიძემ.

გუშინ, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მელიამ განაცხადა, რომ გაუხარდება, თუ კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება.



Print