ახალი ამბები
პრეზიდენტი: კვარაცხელიას გატაცება და ძალადობრივი მოკვდინება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და ძალადობრივი მოკვდინება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ჩვენი სახელმწიფოსადმი დანაშაულია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ისაუბრა.  მისი თქმით, ზურაბიშვილი ყველა ოფიციალურ შეხვედრას ამ თემაზე საუბრით იწყებს. ასევე, პრეზიდენტის შეხედულებით, ვინაიდან საქართველომ უარი თქვა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაზე, ახალი ფორმატის შექმნით პოლიტიკური დიალოგი უნდა დაიწყოს.

"პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და შემდეგ მისი ძალადობრივი მოკვდინება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და დანაშაული, მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. ის კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ოკუპანტების მიერ მოკლული ახალგაზრდის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ამასთან, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე უნდა განიხილებოდეს. ამ თემის ფართოდ გასაჯაროებისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელიც მოიტანს მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობას. გვაქვს ფორმატები, სადაც რეალურად ტექნიკური საკითხები განიხილება და არ ხერხდება პოლიტიკური დიალოგის წარმართვა. სწორედ ასეთი ფორმატის შემუშავება მიაჩნია მას მნიშვნელოვნად და გარდა ამისა, ყველა შეხვედრა, რომელიც გაიმართება საქართველოს სახელით და ყველა მაღალი ტრიბუნა მიძღვნილი უნდა იყოს სწორედ ამ თემისთვის. თავად პრეზიდენტი ყველა შეხვედრას ამ თემაზე საუბრით იწყებს", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში 11 მარტს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს. მას ექსპერტიზა თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. კვარაცხელია 17 მარტს დაკრძალეს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ამ ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს და ამბობენ, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ქვეყნის ოფიციალურ უწყებებში კი აცხადებენ, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა დაიდება.
Print