ახალი ამბები
კეთილმოწყობის სამსახურის უკმაყოფილო თანამშრომლებს მერიის მაღალჩინოსნები შეხვდნენ

ზუგდიდის მერიის ააიპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ თანამშრომლები შტატების სავარაუდო  შემცირების გამო  უკმაყოფილონი არიან. ისინი დღეს დილიდან გორის ქუჩაზე,

მექანიკური საამქროს ყოფილ შენობასთან იყვნენ შეკრებილები. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის მამუკა ციმინტიას თქმით, თანამშრომლების დათხოვნა ამ ეტაპზე არ განიხილება და მათ არასწორი ინფორმაცია აქვთ.

„ცოტა გაბრაზებულები იყვნენ. რაზე ვიმუშავებთო, მაინც გაშვებას გვიპირებთო, თუმცა ავუხსენით, რომ შტატების შემცირება არ იგეგმება, ყოველ შემთხვევაში, ჯერ ამაზე საუბარი არ არის. ნაწილი რჩება და კიდევ ვესაუბრებით, ნაწილი კი შეუდგა მუშაობას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მან.

მისივე თქმით, თანამშრომლებს მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა და მოადგილე გიორგი შენგელია შეხვდნენ.

მერიაში აცხადებენ, რომ შტატების შემცირება ჯერ-ჯერობით არ იგეგბეა და ის დამოკიდებულია ააიპ-ების შემსწავლელის კომიის რეკომენდაციებზე.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა დიმიტრი ფაცაციამ 22 თებერვალს მერიაში გამართულ ერთ-ერთ კომისიის სხდომაზე ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებასა და კეთილმოწყობის სამსახურში ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.






 

Print