ახალი ამბები
ნადარაია გალის რაიონზე: ეს აფხაზეთის „აქილევსის ქუსლია“
გალის რაიონი აფხაზეთის „აქილევსის ქუსლია“, ამის შესახებ "რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა" თემურ ნადარაიამ „სპუტნიკთან“ ინტერვიუში განაცხადა. მთავარ პრობლემებად მან მავნებელთან ბრძოლა და მოსახლეობის დოკუმენტირება დაასახელა.

მისი თქმით, პირველ პრობლემას რაც შეეხება, ამ დროისათვის, „რუსეთის ფედერაციის დახმარებით, მიმდინარეობს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების პირველი ეტაპი და მოსახლეობამ დაიწყო მავნებლის მექანიკური შეგროვება".

მოსახლეობის პასპორტიზაციაზე საუბრისას თემურ ნადარაიამ აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბინადრობის მოწმობის მისაღებად განაცხადი 14 ათასმა ადამიანმა შეიტანა, მათგან ამ დროისათვის, მხოლოდ 6 ათასმა მიიღო ეს დოკუმენტი.

„აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა 4 ათასამდე ადამიანმა მიიღო, 703 განმცხადებელს უარი ეთქვა, რადგან მათ უცხო ქვეყნის, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობა აქვთ ან მათი დოკუმენტები არ შეესაბამებოდნენ იმ პარამეტრებს, რომლებიც გათვალისწინებულია „მოქალაქეობის შესახებ“ კანონით - ისინი მუდმივად არ ცხოვრობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე 1994 – 1999 წლებში“, - თქვა ნადარაიამ.

მან დასძინა, რომ კანონში „უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ“ ცვლილებებია შესატანი, რომელთა საფუძველზე გაიცემა ბინადრობის მოწმობები, რათა მოიხსნას ამ ეტაპაზე არსებული ხარვეზები.



Print