რეგიონი
ელარჯი გლობალურ კულინარიულ შეჯიბრში (ვიდეო)
მეგრული კერძი ელარჯი საერთაშორისო ვებ-პორტალის „Tastemade Travel”-ის კონკურსზე მოხვდა, სადაც ის გამარჯვებისთვის იბრძვის. პორტალის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გამოყენებულია მარტვილში, ქეთო ნინიძის ოდის ფაცხაში ელარჯის მომზადების კადრები.



„ეს ცნობილი ქართული კერძი ყველის გაწელვის დედოფლად ითვლება. ელარჯი საქართველოს რეგიონის, სამეგრელოს ადგილობრივი კერძია. ის დღესაც ძველი ტრადიციული მეთოდით მზადდება. ინგრედინეტებია: ღერღილი (მსხვილად დაფქვილი სიმინდი) და წვრილად დაფქვილი სიმინდის ფქვილი და სულუგუნი, რომელთაც ერთ ქვაბში ათავსებენ, ურევენ და ცეცხლზე ხარშავენ. მის მომზადებას საკმაოდ დიდი ძალა სჭირდება. გალღობილი ყველი 5 წუთის განმავლობაში იჭიმება და იწელება, სანამ კერძი სრულყოფილ წებოვან კონსისტენციას არ მიაღწევს. ის ცხლად უნდა მიირთვათ, თქვენ საუკეთესო ყველის მოყვარულ მეგობრებთან“, - ასეთი წარწერები ახლავს ვიდეოს.

ნინიძემ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ვიდეო შარშან, USAID Zrda Activity in Georgia-ს პროექტის ფარგლებში, GLP Films-მა და რობ ჰოლმსმა გადაიღო. ელარჯი კი მარტვილელმა დიასახლისმა მოამზადა.



საუკეთესო კერძის ასარჩევად ხმის მიცემა მსურველებს იქვე მოცემული ონლაინ გამოკითხვით შეუძლიათ. ელარჯის კონკურენტები იაპონიის, მექსიკისა და მალაიზიის ტრადიციული კერძები არიან. ამ დროისთვის კი მას ყველაზე მეტი ხმა აქვს.





Print