ახალი ამბები
ფოთში ნაპოვნი გიგანტური კუ სასტუმრო "პარაგრაფის" აკვარიუმში გადაიყვანეს (ფოტო)
ფოთში, ნაბადის სანაპიროზე ადგილობრივმა ლაშა ხოჯავამ დღეს დილით გიგანტური კუ იპოვა. ხოჯავამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც ჯერ მისი წყალში გაშვება სცადა, სახლში წამოიყვანა.

"დავინახე, ძაღლი უყეფდა, წყალში რომ შევიყვანე, ვერ გაცურა და ხან ზურგით, ხან ურიკით მოვიყვანე სახლამდე, შემდეგ კი სააბაზანოში, წყალში ჩავსვი. მერე დავრეკე ბათუმის დელფინარიუმში და მოვიდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოდან. წაიყვანეს, მითხრეს, წითელ წიგნშია შეყვანილი, ორი საუკუნისააო. ახლა ვესაუბრე და ივანიშვილის სასტუმროში, შეკვეთილში წაუყვანიათ", - გვითხრა ხოჯავამ.

რამდენიმე წუთის წინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც დადასტურებულია, რომ გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ სასტუმრო "პარაგრაფშია" გადაყვანილი.


" ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა (კარეტაკარეტა) შემოვიდა. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების განცხადებით, კუ დაუყოვნებლივ საჭიროებდა რეაბილიტაციას. აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს არც „ბათუმის დელფინარიუმში“ და არც“ აკვარიუმში“. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დახმარებისთვის სასტუმრო „პარაგრაფის“ აკვარიუმს მიმართეს. გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს აღნიშნული სასტუმროს საკარანტინო აუზში გაივლის, სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ კი გარემოში აპირებენ  მის დაბრუნებას", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



ფოტო: ფოთი↔️Poti (ფეისბუქ გვერდი)
გარემოს ეროვნული სააგენტო






Print