ახალი ამბები
ბახტაძე: მხარს ვუჭერთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ შეძლოს ვალდებულებების შესრულება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადებით, მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რომ მან თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება შეძლოს. ასე უპასუხა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას ანაკლიის პორტის შესახებ.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ქვეყანას აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მან შეძლოს თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება. საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონალურ ჰაბად, მათ შორის ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით, რომელიც ყველა განზომილებას მოიცავს და რა თქმა უნდა, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ იმაში, რომ როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისე ამერიკელი პარტნიორები ძალიან დიდ დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მამუკა ბახტაძე საქართველოს შავი ზღვის სტრატეგიულ როლსაც გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მდგრადობისთვის კონკრეტული ნაბიჯებია დაგეგმილი.

ამავე თემაზე:

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულების ვადამ, შესაძლოა, გადაიწიოს



Print