პოლიტიკა
ზუგდიდის მაჟორიტარი თვლის, რომ გეგა შენგელიას სანდრა რულოვსთან შედარებით უპირატესობა აქვს
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია „ქართული ოცნების“ მიერ მერობის კანდიდატად გიორგი შენგელიას დასახელებას გამოეხმაურა. მისი თქმით, შენგელიას კონკურენტთან, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილ სანდრა რულოვსთან შედარებით უპირატესობა აქვს და მასზე არჩევანის შეჩერება სწორი ნაბიჯია.

„დღეს ზუგდიდს, ღირსეული ზუგდიდელი მერი სჭირდება, ადამიანი, რომელსაც უყვარს ზუგდიდი, ესმის ხალხის და იცის როგორ აკეთოს საქმე. სწორი არჩევანი გაკეთდა, რომ აქცენტი საბოლოოდ მენეჯერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიონალიზმზე შეჩერდა და ზუგდიდის მერობის კანდიდატად გეგა შენგელია დავასახელეთ. გეგას სახით ზუგდიდს ძლიერი მენეჯერი, კეთილსინდისიერი ადამიანი და რაც ყველაზე მთავარია ზუგდიდის საჭიროებების ზედმიწევნით მცოდნე მერი ეყოლება. ის ზუგდიდის შვილია, კარგად იცნობს და გრძნობს ზუგდიდს და ზუგდიდელები კი კარგად იცნობენ მას. აქ დაიბადა, აქ გაიზარდა და დარწმუნებული ვარ არაფერს დაიშურებს ზუგდიდის კეთილდღეობისთვის. ასე რომ სანდრა რულოვსის წინააღმდეგ გეგა შენგელიას დიდი უპირატესობა აქვს“, - აღნიშნა ქვარაიამ.

ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე მმართველი პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანდიდატად დღეს წარადგინა.



Print