ახალი ამბები
სეს: სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო
სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები და ფიტოსანიტრები სამეგრელოს რეგიონში, საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის პლანტაციებს და მიტოვებულ შენობებს, ფაროსანას იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით ათვალიერებენ. მონიტორინგი იმ ადგილებში მიმდინარეობს, სადაც სავარაუდოდ მავნებლის მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მონიტორინგის  მეშვეობით  მოხდება მავნებლის ზუსტი იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა, ხოლო შედეგების მიხედვით  მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიგეგმება. მონიტორინგის ჯგუფების წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გატარებას, სანამ მავნებელი პასიურია და ისეთ ადგილებში ბუდობს, როგორიცაა - საცხოვრებელი სახლების სხვენები და მიტოვებული შენობების კედლები“ - აცხადებენ სეს-ში.

ამავე ცნობით, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიების პარალელურად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

ადგილობრივები დეტალურ ინფორმაციას იღებენ დაგეგმილ ღონისძიებებზე და მავნებელთან ბრძოლის ტექნიკურ მეთოდებს ეცნობიან.
Print