ახალი ამბები
ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზაალ ლატარია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზუგდიდელი ზაალ ლატარია სასამართლო დარბაზიდან 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ბრალდებულის შვილმა ლანა ლატარიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ზაალ ლატარია ბრალს არ აღიარებს.

წინასწარი პატიმრობიდან ლატარიასთან ერთად დღეს კიდევ სამი პირი გაათავისუფლეს.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

ამავე თემაზე:

ზაალ ლატარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა


Print