ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი მეგრული ჯიშის თხებს გადარჩენის მიზნით შეისყიდის
ადგილობრივი ჯიშების და პოპულაციების აღდგენა-გაუმჯობესების მიზნით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები ამჟამად გაქრობის პირას მისული მეგრული ჯიშის თხებს შეისყიდიან. ამის შესახებ რადიო “ათინათს” სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიული გოგოლმა უთხრა. მისივე თქმით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიანში, მეგრული თხის სანაშენე ფერმა მოეწყობა, სადაც მათი გამრავლება და შემდეგ, გავრცელება მოხდება. პროფესორის თქმით, გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ჯიშების გადარჩენის მოთხოვნა, თვითონ გლეხებს გაუჩნდათ.

„ჩვენ გვაქვს სასოფლო - სამეურნეო ცხოველების რამდენიმე ათეული ჯიში, რომელიც გადაშენების პირასაა. ცენტრი მუშაობს მათ შენარჩუნებაზე და გაუმჯობესებაზე. ერთ-ერთია მეგრული თხა. ტემპერამენტი, აქტიურობა, ქცევის სხვა რეაქციები არის ცხოველთა ვარგისიანობის შეფასების კრიტერიუმები. ჩხოროწყუში მზად არიან სანაშენე ფერმა შექმნან, რასაც კურატორობას გავუწევთ. ჯერ მოხდება მათი შერჩევა, მოთავსება ამ ფერმაში, ხოლო შემდეგ მათი გამრავლება და გავრცელება“, - აღნიშნა მან.

გიული გოგოლის ინფორმაციით, ასევე, იგეგმება ე.წ კვარაცხელიას ჯიშის ძროხების მოძიება და შეძენა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა 11 სული მეგრული ჯიშის თხის შეძენის თაობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.


ამავე თემაზე:

მეგრული ჯიშის მკვირცხლტემპერტამენტიანი თხების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

Print