ახალი ამბები
ზვიად გამსახურდიას შვილები ივანიშვილის განცხადებას ეხმაურებიან
ზვიად გამსახურდიას შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელშიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ გამსახურდიას სიკვდილის გარემოებების გამოუძიებლობა ქვეყნის სირცხვილია.

„ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

გამსახურდიას უფროსი და შუათანა შვილები, თავის მხრივ, თვლიან, რომ არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით დაპირებებს დაუჯერონ.

„ფორმალურად ყველაფერი სწორია. მიმართვის პრაქტიკულად ყველა სიტყვას შესაძლოა დაეთანხმოს ადამიანი. მაგრამ ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს... ქართული ოცნება უკვე 7 წელიწადია ხელისუფლებაშია, რამდენიმეჯერ შეიცვალა მთავარი პროკურორი და ის პირები, ვისაც ამ საქმის გამოძიება ევალება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის! ჩვენს ოჯახს უწევს საჯარო პროტესტი, ქუჩის აქციების მოწყობა, შიმშილობა მთავარი პროკურატურის მისაღებში გამოძიების მოთხოვნით, და მიუხედავად ამისა, დღესაც არ არსებობს პროკურატურასთან ადეკვატური კომუნიკაცია. ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ არაფერი გაუგია? თუ არა, ესე იგი, არც დაინტერესებულა. რატომ უნდა იყოს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება ჩვენს აქტივობაზე დამოკიდებული? ის მცირე შედეგიც კი, რაც შექმნილია ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი "მუჯლუგუნების" შედეგია! მიუხედავად ამისა, უამრავი დეტალის ჩამოთვლა შემიძლია, როდესაც პროკურატურა ან ჯიუტად არ ატარებს საჭირო საგამოძიებო ქმედებებს, ან ატარებს შესაშური არაკვალიფიციურობით! სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დაუჯეროთ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო - ამ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა,ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს“, - წერია განცხადებაში, რომელიც ცოტნე გამსახურდიას ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

ზვიად გამსახურდიას შვილები პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. საქმის გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა 2018 წლის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმეს ვადა კიდევ 5 წლით გაუხანგრძლივდეს.

ბიძინა ივანიშვილი გუშინ, 29 მარტს სოფელ ძველ ხიბულაში იმ სახლში იმყოფებოდა, სადაც გამსახურდია ამ დრომდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა. სწორედ აქ მოაწყობს ფონდი „ქართუ“ გამსახურდიას მემორიალურ მუზეუმს.




Print