ახალი ამბები
ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. დილით პირველი პრეზიდენტის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში მეუფე გერასიმემ აღავლინა. ღვთისმსახურებას შს მინისტრი, გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით,
საქართველოს პირველი პრეზიდენტის პატივისცემით და ღირსებით მოხსენიება სახელმწიფოს გაამყარებს.

მოგვიანებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ფეხით ზვიად გამსახურდიას ძეგლთან მივიდნენ, სადაც ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პრეზიდენტის იუბილე ქვეყანას კიდევ ერთხელ მიულოცეს.

„დღეს არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და აღინიშნება მთელ რეგიონში, სხვადასხვა სახის ღონისძება ტარდება, ზუგდიდში კი განსაკუთებით აღვნიშნავთ. გილოცავთ ჩვენი პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს! მისალოცია, რომ ჩვენ გვხვდა წილად საქართველოს თავისუფლების გარიჟრაჟზე გვყოლოდა, სწორედ ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ბატონი ზვიად გამსახურდიაა“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას იუბილეს აღნიშვნა არტ-გალერეაში გაგრძელდა, სადაც მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო გამოფენა და მისდამი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია მოეწყო.

„დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი გავიდა, ასევე, 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ევლო ევროპული გზით, საქართველომ მოიპოვა თავისუფლება. მნიშვნელოვანი დღეა და ყველას გილოცავთ. ჩვენ ვაგრძელებთ ზვიად გამსახურდიას კურსს და სწრაფვას თავისუფლებისკენ, ევროპისკენ და საქართველო აუცილებლად გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა ვიცე მერმა და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ.

ზვიად გამსახურდია დღეს, 2019 წლის 31 მარტს 80 წლის გახდებოდა.


Print