ახალი ამბები
ანაკლიის პორტამდე მისასვლელ გზასა და რკინიგზას კომპანია „სმექი“ დააპროექტებს
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. პროექტს, კონკურსში გამარჯვებული, საუკეთესო წინადადების მქონე ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ მოამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „სმექმა“ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაცია 7 თვეში უნდა მოამზადოს.

ამავე ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა, ხოლო ფინანსური წინადადებების გახსნის ეტაპზე 3 კომპანია გადავიდა. უწყებაში ამბობენ, მათგან საუკეთესო წინადადება, როგორც ტექნიკური ასევე, ფინანსური კუთხით ავსტრალიურმა კომპანია „სმექმა“ წარმოადგინა.

„კომპანია „სმექი“ 1949 წელს დაფუძნდა და ავსტრალიური კომპანიის - SJ ჯგუფის წევრია, რომელშიც 14,500-მდე პროფესიონალია დასაქმებული. კომპანია 40-ზე მეტ ქვეყანაში 130-მდე ოფისითაა წარმოდგენილი. „სმექი“ ცნობილი საკონსულტაციო კომპანიაა, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით აზიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აფრიკაში და ავსტრალიაში. მას 1949 წლიდან 1974 წლამდე პერიოდში განხორციელებული აქვს ავსტრალიაში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსური ჰიდროელექტრო სამუშაოთა სქემა. კომპანიას დაპროექტებული აქვს ჯამში 145 კმ. გვირაბი, 2000 კმ. გზა და 80 კმ. აკვედუკი. „სმექი“-ს საქმიანობის სფეროს ხიდების გზების, აეროპორტების, რკინიგზის, გვირაბების, ჰესებისა და მეტროს პროექტირება წარმოადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა საშუალოდ 350-360 მილიონი დოლარია“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ანაკლიის გზისა და რკინიგზის პროექტის კონკურსი ორი ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე შეფასდა ტექნიკური წინადადებები (შეფასების წონა 80%-ით განისაზღვრა), ხოლო მეორე ეტაპზე - ფინანსური წინადადებები (შეფასების წონა - 20%-ს შეადგენდა).

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო მომსახურების მიმწოდებელი განსხვავებული წესით შეარჩია. გამოცხადებული კონკურსის ფორმა შემუშავდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შესყიდვის პრაქტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ ლარს შეადგენს.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა ნავსადგურის ოპერირების დაწყებამდე დასრულდება.

2018 წელს, პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 3 ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.


ამავე თემაზე:

ანაკლიის გზის პროექტირებაზე ინტერესი ოთხმა კომპანიამ გამოხატა
Print