რეგიონი
„ახლოს ხალხთან - უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება“ - კონფერენცია თბილისში (ფოტო)
29 მარტს, თბილისში გაიმართა კონფერენცია „ახლოს ხალხთან - უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება“ ხელისუფლების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.

კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას. კონფერენცია განსაკუთრებულად იყო ფოკუსირებული საქართველოს რეგიონებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე და მასში 150-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან.

კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა, მონაწილეებს მასთან ერთად ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი და პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ გუნდის ლიდერი დავით აფრასიძე მიესალმნენ.

კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე სადისკუსიო პანელი მოეწყო, რომლებზეც სხვადასხვა საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლი, სამოქალაქო საზოგადოების როლი რეგიონული განვითარების პროცესში, ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი და მოხალისეობის ისტორიული კონტექსტი და სხვა საკითხები.

კონფერენცია ორგანიზებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლათფორმის, ლიბერალური აკადემია თბილისის და პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ მიერ.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS). პროექტს კონრად ადენაუერის ფონდთან (KAS) ერთად ახორციელებენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).




Print