პოლიტიკა
ზუგდიდის მერობა ხუთ დამოუკიდებელ კანდიდატს სურს
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს ხუთი დამოუკიდებელი კანდიდატი იყრის. შესაბამისი განცხადებები საინიციატივო ჯგუფებმა 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე წარადგინეს. რადიო "ათინათს" კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირება დომენტი (ზვიად) სიჭინავას, დავით თორდიას, გოგიტა ბიგვავას, მალხაზ ქუჩულორიასა და თენგიზ ჯგუშიას სურთ.

"9 აპრილამდე მათ უნდა წარმოადგინონ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1 % ხელმოწერები, რომ დარეგისტრირდნენ კანდიდატებად. ამ შემთხვევაში, 1207 ხელმოწერაზე მეტი სჭირდება თითოეულ მათგანს", - გვითხრა მესხმა.

რაც შეეხება პარტიულ კანდიდატებს, ჯერჯერობით, არცერთ მათგანს ცესკოსთვის არ მიუმართავს. მათთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 19 აპრილია.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება. მმართველი გუნდიდან ამ პოზიციისთვის გიორგი შენგელია, გაერთიანებული ოპოზიციიდან კი, სანდრა რულოვსი იბრძოლებს.



Print