ახალი ამბები
ევროპარლამენტარები პრემიერს კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ
ევროპარლამენტის 6 პარტიის თერთმეტმა დეპუტატმა ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმის გამოძიების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართა. წერილში მოყვანილია საქმესთან დაკავშირებული რამდენიმე გარემოება, მათ შორის, სამინისტროს მიერ 2018 წლის ნოემბერში, საარჩევნო პერიოდში ჩატარებული ინსპექტირებები, ასევე ISFED-ის ანგარიშში მოცემული ინფორმაცია. ევროპარლამენტარების შეშფოთებას იწვევს ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში იმის შესახებ, რომ "ოდირის" საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის არაერთი წევრი აცხადებდა, რომ მმართველი პარტია ამ მექანიზმს ზეწოლითა და დაშინებით იყენებდა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და სახელმწიფო დახმარებაზე მყოფი ჯგუფების მიმართ".

„ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერი ევროპარლამენტის წევრები, წინამდებარე წერილით გაცნობებთ, რომ ველით დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას პოლიტიკური ზეწოლის საქმეზე, რომელიც ეხება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს ქ-ნ ია კერზაიას, იმ მიზნით, რომ გაირკვეს, თუ რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება 2018 წლის 9 დეკემბერს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, რომ სანამ ქალბატონ კერზაიას ინსულტი განუვითარდებოდა, რამაც მისი მოულოდნელი სიკვდილი გამოიწვია, მან საჯაროდ განაცხადა და ასევე საქართველოს სახალხო დამცველსაც აცნობა, რომ მასზე ხორციელდებოდა ინტენსიური ზეწოლა არჩევნების პროცესში ჩართვის მოთხოვნით, მაშინდელი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის და ამჟამინდელი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ... გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ყურადღებით მოეკიდება OSCE/ODHIR-ის საბოლოო ანგარიშში მითითებულ ყველა გამოვლენილ ხარვეზს და ასევე გვჯერა, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებისა და მისი დემოკრატიული მომავლისთვის ქ-ნი კერზაიას საქმე სრულად და დროულად იქნება გამოძიებული ქვეყნის პროკურატურისა და სასამართლო ორგანოების მიერ და დამნაშავეები წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს სკოლების ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია და თავი შეიკავოს წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი მექანიზმის გამოყენებისგან.

ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს იმას, რომ არც ერთი საჯარო მოხელე აღარ გახდეს არანაირი ზეწოლის მსხვერპლი მომავალი საარჩევნო კამპანიისას და ჩვენ ვფიქრობთ ამ თვალსაზრისით ქ-ნ კერზაიას საქმესთან დაკავშირებული გარემოებებისთვის ნათელის მოფენა უაღრესად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნა და მას ხელს ანა გომესი (S&D), მაიკლ გალერი (EPP), რებეკა ჰარმსი (Greens, EFA), ნატალი გრისბეკი (ALDE), ჯული უორდი (S&D), ალინ სმითი (Greens, EFA), ტანია გონსალეს პენია (GUE/NGL), ხოსე ინაციო ფარია (EPP) და ჟან ლამბერტი (Greens, EFA) აწერენ.

წერილი ასევე გაეგზავნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის.

ამავე თემაზე:

პროკურატურა: კერზაიას სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება უნდა გამოიკვეთოს, დაზარალებულად ნათესავი რომ ვცნოთ





Print