პოლიტიკა
რულოვსი დეპუტატებზე: უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ყველაფერი კარგადაა და აქ ზედმეტი ვარ
გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის თქმით, ახლა სწორედ ის დროა, რომ შეიცვალოს ქალაქის ხელმძღვანელი. ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მათ უნდოდათ ჩემთვის ეჩვენებინათ, რომ ზუგდიდში ყველაფერი არის ძალიან კარგად, იდეალურია კომუნიკაცია მერსა და საკრებულოს წევრებს შორის - ალბათ ასეთი შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდათ ჩემზე დღეს, რომ აქ ყველაფერი კარგად არის და მე ვარ ზედმეტი. ვფიქრობ, რომ მე არ ვარ აქ ზედმეტი, ახლა არის ზუსტად ის დრო, რომ შეიცვალოს მერი, ქალაქის ხელმძღვანელი, რომ მართლა დაიწყოს ხალხთან კომუნიკაცია, ზრუნვა, ბიუჯეტის სწორად გადანაწილება და კორუფციული სქემების საერთოდ მოსპობა. თქვენ ძალიან კარგად იცით, სად არის მერი, რომელიც 2017 წელს აარჩიეს, თუ დანიშნეს - ის კაცი ახლა არის ციხეში, კორუფციული გარიგების გამო. ეგ უკვე მეტყველებს იმაზე, რომ აქ დიდი ბიუჯეტია, რომლითაც ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, მაგრამ არ კეთდება, ან კეთდება დაგვიანებით. ჩვენს სამთავრობო პირობებში დღეს უკვე იქნებოდა ყველა დევნილი ბინით დაკმაყოფილებული, ყველა სოფელში იქნებოდა წყალი, გაზიფიკაცია და ა.შ მაგრამ გაჭიანურდა - რატომ? იმიტომ რომ არის რაღაცა სხვა ინტერესები, ტენდერების მოგება და ა.შ. გაიხსენეთ წინა არჩევნები - რა იყო დაპირებები და რა შესრულდა", - აღნიშნა რულოვსმა. 

სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავაც ესწრებოდა.

Print