ახალი ამბები
„უცნაური“ ჭერი და ტიხრები ფოთის რეაბილიტირებულ სტადიონზე (ვიდეო)
ფოთში ახლად რეაბილიტირებული საფეხბურთო სტადიონის საშხაპეში ჭერი და ტიხრები არასწორად არის მოწყობილი. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ საშხაპეებთან ჭერი დაბალია და ერთ-ერთ კაბინაში სპორტსმენს შხაპის მისაღებად შესვლა დახრილად მოუწევს. ვიდეოში ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი დარეჯან ცხვიტარია ამბობს, რომ აქ სულ 4 საშხაპეა განლაგებული.

„ევროსტანდარტებში ან სადმე ჯდება? ასე იფლანგება ბიუჯეტი, რადგან ერთი და იგივე ცხრაჯერ არის გასაკეთებელი, გაღარიბებულია ქვეყანა... ორმეტრიანი ხალხი აქ როგორ შევიდეს, გაისაპნოს და სრიალით? თუ რიგრიგობით უნდა მიიღონ შხაპი?“, - ამბობს ცხვიტარია.

ფოთის მერიაში კი განმარტავენ, რომ საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება აღნიშნული ობიექტის ჩაბარების საკითხი.

„სპეციალური კომისია შეისწავლის არსებულ ხარვეზებს. თუ ნამდვილად აღმოჩნდა ხარვეზები, ჩვენ მშენებელ კომპანიას ვეტყვით, რომ გამოასწოროს. უნდა ჩამოვიდნენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, მათ უნდა შეამოწმონ არსებული სამუშაოების სტანდარტებთან შესაბამისობა.ყველაფერს სპეციალისტები დაადგენენ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“- უთხრეს რადიო „ათინათს“ მერიის პრესსამსახურში.


ფოთის სტადიონის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო, თუმცა, მერიის ინფორმაციით, რამდენჯერმე მიმწოდებელი კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეჩერდა. საბოლოოდ, სამუშაოები წელიწადნახევრის წინ კომპანია „ელიტა ჯგუფმა“ დაიწყო.

ვიდეო: რომა შურღაია


Print