პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი გიორგი შენგელიას გამარჯვებაში დარწმუნებულია
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ გიორგი შენგელიას ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია. ჩიქოვანის თქმით, საარჩევნო კამპანია ინტენსიური იქნება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩავლენ.

„გეგას კანდიდატურა არის საუკეთესო კანდიდატურა, მას აბსოლუტურად ყველა შანსი აქვს, გახდეს ზუგდიდის მერი და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ამაში. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, იქნება ძალიან ინტენსიური, ჩვენ ვაპირებთ აბსოლუტურად მუნიციპალიტეტის ყველა კუთხეში ვიყოთ და რა თქმა უნდა, საზოგადოებას გავაცნოთ ყველა ის პროექტი, რომელიც უკვე ზუგდიდშია დაგეგმილი.ზუგდიდი და სამეგრელო არის ძალიან პრიორიტეტული მიმართულება ცენტრალური ხელისუფლებისათვის და ეს ნათლად ჩანს იმ დაგეგმილი პროექტებიდან, რომლებიც ჩვენ ერთობლივად გვაქვს დაგეგმილი. დარწმუნებული ვარ, ისეთ კარგ და ისეთ კეთილსინდისიერ ზუგდიდელს, როგორიც არის გეგა შენგელია, ზუგდიდელები დაუჭერენ მხარს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ირაკლი ღარიბაშვილთან და კახა კალაძესთან ერთად ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია ოფიციალურად წარადგინა.


Print