ახალი ამბები
9 აპრილის მემორიალი ნაბაკევში, რომელიც ოკუპანტებმა გადააკეთეს (ფოტო)
ნაბაკევის ცენტრში 1989 წლის მიწურულს აღმართული 9 აპრილის მემორიალი რუსმა ოკუპანტებმა გადააკეთეს, სახე შეუცვალეს და გადაღებეს. მემორიალს, რომელიც წლების წინ ცხრა აპრილს დაღუპულთა სიმბოლო იყო, ახლა ,,აფხაზეთის თავისუფლებისათვის დაცემული მეომრების უკვდავსაყოფად" აწერია. ის 30 წლის წინ ხურჩაში მცხოვრებმა „ეროვნული მოძრაობის“ წევრმა ჯამბულ ეხვაიამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ მოაწყეს. ჯამბულ ეხვაია რადიო „ათინათს“ უყვება, რომ ამ იდეის განხორციელებაში მან დიდი ენერგია და შრომა დახარჯა. 

ფოტო: ჯამბულ ეხვაია და მისი ქალიშვილი ჯინა

„ენა მამული სარწმუნოება“ სიმბოლოდ იყო აღმართული ცხრა აპრილის დღის აღსანიშნავად. პირველ სვეტზე იყო დედა ენის გამოსახულება. ცენტრში იყო საქართველოს კონტურული რუკა, მესამე ფლიგელზე იყო წმინდა გიორგის ხატი. მას ჰქონდა გუმბათის ფორმა და ჯვარი იყო აღმართული. გვერდით კი ზარი ჰქონდა ჩამოკიდებული. აქ ახლად დაქორწინებულები 21 სანთელს ანთებდნენ და იყო ხელმოწერის ცერემონიალიც. იმდენი შანდალი იყო, რამდენი ადამიანიც დაიღუპა 9 აპრილს თბილისში. 1989 წელს ეს მემორიალი ჩემი ნახაზით და  ხელმძღვანელობით გაკეთდა. სიმბოლურად იყო ნიჩაბი და მის წინ აღმართული მტევნები, რომელიც უპირისპირდებოდა ამ ძალადობას. მაშინ ეს იდეა კოლმეურნეობამ დააფინანსა. მარმარილოთი იყო თავიდან ბოლომდე. ღობე და ეზოც მოვაწყეთ. პომპეზური გახსნა გვქონდა, მღვდელიც ჩამოვიყვანეთ ილორიდან და აკურთხა“, - გვითხრა ჯამბულ ეხვაიამ.

ეხვაია წუხს, რომ მემორიალი, რომელიც ცხრა აპრილს დაღუპულთა ხსოვნის სიმბოლოა, დღეს გადაკეთებულია და  მოხსნილია ქართული წარწერები.

„რამდენი ენერგია, შრომა და მხარდაჭერა გახდა საჭირო იმისთვის, რომ ეს მემორიალი აღმართულიყო ნაბაკევის ცენტრში. მასში გავაერთიანეთ ენა, მამულის და სარწმუნოების მთლიანობის აზრი. მემორიალის კვარცხლბეკზე შემართული მარჯვენა კი უარს ამბობდა რუსული ხელნიჩაბის ძალმომრეობაზე. ეს იყო ყველაზე წმინდა ადგილი ნაბაკევში. წლები გავიდა... დღეს კი ეს მემორიალი ოკუპანტებმა გადააკეთეს, სახე შეუცვალეს, გუმბათი და ზარი მოხსნეს, გადაღებეს და ზედ დააწერეს ,,აფხაზეთის თავისუფლებისათვის დაცემული მეომრების უკვდავსაყოფად".  მემორიალის სახეცვალებაც ამას ჰქვია. ეხებიან ყველაზე წმინდას, ცვლიან ისტორიას, ცდილობენ ყველგან და ყველაფერში წაშალონ ქართული კვალი“, - ამბობს ჯამბულ ეხვაია. 

1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა.



Print