ახალი ამბები
სოხუმი: საქართველოს მოქალაქეების ნაწილს მემკვიდრეობის მიღების უფლება ჩამოერთმევა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების ნაწილს აფხაზეთში მემკვიდრეობის მიღების უფლება აღარ ექნება წერს „სპუტნიკი“.

ინიციატივა აფხაზ დეპუტატს რაულ ლოლუას ეკუთვნის, მისი თქმით, აკრძალვა პირველ ეტაპზე, შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც „აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ და დახმარებას უწევდნენ საოკუპაციო ჯარებს“.

მისი თქმით პარლამენტს მიმართეს ვეტერანებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათთან მიდიან ქართველი ეროვნების პირები, რომლებიც ომამდე ცხოვრობდნენ აფხაზეთში, შემდეგ დატოვეს აფხაზეთი და ითხოვენ ქონების დამტკიცებას.

„ეს მოქალაქეები ცდილობენ მიიღონ მემკვიდრეობა მშობლების გარდაცვალების შემდეგ... ისინი აფორმებენ ამ ქონებას ნოტარიუსის და სასამართლოს საშუალებით. ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, შეიცვალოს კანონი და მემკვიდრეობის მოთხოვნა აეკრძალოს იმ პირების ოჯახის წევრებს, რომლებიც იბრძოდნენ აფხაზეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში აფხაზეთის წინააღმდეგ ან ეხმარებოდნენ საოკუპაციო ჯარებს“, – განაცხადა ლოლუამ.

მისი განცხადებით, ასეთი შემთხვევები ჯერ არ ატარებენ მასობრივ ხასიათს, თუმცა, ამაზე აუცილებელია რეაგირება.

Print