ახალი ამბები
ია კერზაიას შვილი: აქ იმედი აღარ მაქვს და სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში შევიტან
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის საქმეზე სარჩელს სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შენგელიამ უთხრა. მისი თქმით, საქართველოს პროკურატურამ არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და მას რეალური შედეგის იმედი აღარ აქვს.

„4 თვე გავიდა იას გარდაცვალებიდან და არავითარ ქმედითი და კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს პროკურატურას არასამთავრობოების დასკვნების და სხვა გარემოებების მიუხედავად. ამიტომაც ვიწყებთ სარჩელის მომზადებას სტრასბურის სასამართლოში წარსადგენად და პარალელურად, ვიმუშავებთ სხვა მიმართულებებითაც. ამასთან, ძალაში რჩება ჩემი მოთხოვნა განათლების მინისტრისა და საქმეში ჩართული ყველა პირის გადადგომასთან დაკავშირებით“, - გვითხრა შენგელიამ.

გარდა ამისა, ია კერზაიას შვილი პასუხისმგებლობას პრემიერ მამუკა ბახტაძესაც აკისრებს, რადგან, როგორც შენგელია განმარტავს, მთავრობის მეთაური მისი კაბინეტის წევრის ბატიაშვილის მიმართ არანაირ ზომას არ იღებს.

ბაჩანას შენგელიას პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარი უთხრა, რაც იმით განმარტა, რომ გამოძიება გრძელდება და დაზარალებულად ცნობისთვის სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედების გამოკვეთა აუცილებელია.

Print