ახალი ამბები
გიორგი გოგინავა: „ოცნების" აქტივისტი არ ვარ, კითხვის დასმა მინდოდა
გიორგი გოგინავა, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრობას უარყოფს. მისი თქმით, იმ უბანში ცხოვრობს, სადაც სანდრა რულოვსი მივიდა და მისთვის კითხვის დასმა უნდოდა, რისი საშუალებაც, მისივე მტკიცებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

„მათი ცხრაწლიანი რეჟიმის დროს მე ვიყავი მსხვერპლი, რადგან ციხეში არაადამიანურად მექცეოდნენ. არც "ქართული ოცნების" აქტივისტი ვარ. მე ვარ, უბრალოდ, ზუგდიდელი ბიჭი, რომელსაც გული შესტკივა ამ ქალაქზე“, - თქვა გოგინავამ.

რაც შეეხება იმას, რომ ის "ქართული ოცნების" კანდიდატთან შეხვედრებზე ჩნდება, გოგინავა ამბობს, რომ შენგელიას პოლიტიკა მოსწონს და მხარს უჭერს.

"გამოჩენილი პიროვნებაა და გადავიღე სურათი, მერე რა მოხდა. მე გეგას მანამდეც ვიცნობდი და რომ გავიგე კენჭს იყრიდა, ვთხოვე სურათის გადაღება და სიამოვნებით გადავიღე. შეხვედრებზე კი ვარ, რადგან მომწონს მისი პოლიტიკა და ის დამოკიდებულება, რაც აქვს ჩვენი ქალაქის მიმართ", - უთხრა რადიო "ათინათს" გიორგი გოგინავამ.

გაერთიანებული ოპოზიციის
წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობასთან მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" აქტივისტი გიორგი გოგინავა პროვოკაციის მოწყობას და შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა. ოპოზიციურმა ძალამ დღეს სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გამართა. მათი მტკიცებით, გოგინავა აქამდეც მონაწილეობდა დარბევებში. ამ ეტაპზე კი ის გიორგი შენგელიას წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობს.„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში კატეგორიულად უარყოფენ გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას. ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ უთხრა, რომ გიორგი გოგინავას მათთან არავითარი კავშირი არ აქვს.







Print