ახალი ამბები
სანდრა რულოვსი: მთელი დღის განმავლობაში დაგვყვებოდნენ პოლიციელები
ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ამ წუთებში ხალხმრავლობაა. აქ შეკრებილები არიან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები. შენობაში იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ენმ"-ის თავმჯდომარე ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია, რომლებიც დღეს დააკავეს.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა.

„მთელი დღის განმავლობაში, შეხვედრების დროს დაგვყვებოდა მანქანა, სადაც დავაფიქსირეთ ორი ადამიანი და აღმოჩნდა, რომ ესენი იყვნენ პოლიციელები. დავურეკეთ სამართალდამცველებს, მოვიდნენ და იმის მაგივრად, რომ დაეკავებინათ ეს ორი ადამიანი, რომლებიც უკანონო ქმედებაში იყვნენ შემჩნეულები, გვიშლიდნენ ხელს და პროვოკატორებს ეძახდნენ შეხვედრის დროს, დააკავეს ჩვენი ხალხი, სამი ადამიანი, ვინც უბრალოდ აპროტესტებდა ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან მიუღებელი ფაქტი“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მისივე თქმით, ისინი მოითხოვენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრების გათავისუფლებას.

ჯერჯერობით, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია შსს-ს.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები დღეს ნარაზენში დააკავეს, სადაც სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.

ამავე თემაზე:

ენმ: ზუგდიდში ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს




Print