რეგიონი
ხმაური პოლიციის სამმართველოსთან - მანუჩარ ჩხეტია პატიმრობაში დატოვეს (ვიდეო)
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს მანუჩარ ჩხეტიას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მის დაკავებას ხმაური მოყვა სამმართველოსთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, მხარდამჭერები და დაკავებულის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მათ ჩხეტიას დაკავება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ის პოლიტიკური და პირადი მოტივით დააკავეს.

ადგილზე მყოფი დაკავებულის დედა შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს დახმარება დასჭირდა. თავად დაკავებული, ადვოკატის ინფორმაციით, ბრალს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ქმედებას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. მირანდა გოგოხია ამბობს, რომ ჩხეტია საკუთარ პოზიციას სასამართლოზე დააფიქსირებს, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

მანამდე დაკავებულს შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლევან პაპავა, რომელმაც თქვა, რომ დაკავების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შესახებ სახალხო დამცველის აპარატი გააკეთებს რეაგირებას, მომხდარს სათანადოდ შეისწავლის და შეაფასებს.

ჩხეტიასთან ერთად დღეს აიყვანეს ენმ-ის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და პარტიის ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ანა წითლიძე, თუმცა მათ რამდენიმე საათის შემდეგ შენობა დატოვეს. ენმ-ის წევრები დღეს ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.


ამავე თემაზე:

ანა წითლიძემ პოლიციის შენობა დატოვა

Print