პოლიტიკა
„ქართული ოცნება“: ენმ-ისთვის ზუგდიდში კამპანიის წარმოება რთულია, ამიტომაც სპეკულაციებს ეწევიან (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრის მამუკა წოწერია განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციისა და მისი მერობის კანდიდატისთვის ზუგდიდი უცხოა და კამპანიის წარმოება რთულია, ამიტომაც, მისივე თქმით, ოპოზიცია პროვოკაციებსა და სპეკულაციებზე მიდის. წოწერია ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის შტაბი მათ აქტივისტებს დავალებებს არ აძლევს და ადამიანებს რულოვსთან პრეტენზიები და კითხვები 9 წლიანი პერიოდის გარშემო აქვთ.

„პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. გამოძიებას აწარმოებს შსს და ვართ დარწმუნებულები, რომ უზრუნველყოფს ყველგან მშვიდ და კონკურენტულ და მშვიდ საარჩევნო გარემოს. „ქართული ოცნება“ მოწოდებულია, რომ აწარმოოს კონკრეტული გზავნილებით საარჩევნო კამპანია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ზუგდიდი უცხოა და მათთვის კამპანიის წარმოება რთულია, ამიტომ ეწევიან სპეკულაციებს. ჩვენ კი პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ მათი მმართველობის პერიოდში ნაწამები ადამიანების პროტესტზე, თუმცა ეს არ გასცდება კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებს“, - უთხრა ჟურნალისტებს წოწერიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ კანდიდატებს „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და აქტივისტები სამართალდამცავებთან ერთად უთვალთვალებენ, წოწერია ამბობს, რომ მსგავსი არაფერი ხდება და შესაძლოა, თავად ოპოზიციური პარტიის წევრებს „აერიათ რაღაც“. მამუკა წოწერია ასე უარყოფს კავშირს ანა წითლიძის მიერ დასახელებულ გვარებთან და განმარტავს, რომ შესაძლოა, ისინი მმართველი გუნდის პოლიტიკური მხარდამჭერები იყვნენ.

„რაც შეეხება სქრინებს და მესიჯებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი ფალსიფიცირებები ნამდვილად არ უჭირს“, - თქვა წოწერიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები მათი უშუალო ხელმძღვანელების დავალებით მოქმედებდნენ. ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის მტკიცებით, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მურღულია კონკრეტულ დავალებებს აძლევს პოლიციელებს, მათ შორის კი ლევან კვარაცხელიას, რისი ამსახველი მიმოწერაც მან ბრიფინგზე ჟურნალისტებს ანახა. ასევე, მისივე თქმით, მათ პოლიტიკურ დევნაში მონაწილეობდნენ "ქართული ოცნების" ნარაზენის შტაბის ზონის უფროსი ცოტნე ქორთუა და სხვა წევრები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაჰყვებოდნენ სანდრა რულოვსს. მათ ამის ამსახველი ფოტო - ვიდეო მასალაც წარადგინეს.


ამავე თემაზე:

გაერთიანებული ოპოზიცია პოლიციას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს (ვიდეო)
Print