პოლიტიკა
სანდრა რულოვსი: ვითხოვთ ჩხეტიას გათავისუფლებას ყოველგვარი სანქციის გარეშე (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის თქმით, ისინი მათი აქტივისტის მანუჩარ ჩხეტიას გათავისუფლებას სასწრაფოდ და ყოველგვარი სანქციის გარეშე ითხოვენ. ამის შესახებ რულოვსმა ჟურნალისტებისთვის გამართული ბრიფინგზე განაცხადა.

“იმის მაგივრად, რომ საკუთარი მოქალაქეებზე იზრუნონ, დაგვდევენ ჩვენ და გვიშლიან შეხვედრებს, მაგრამ ვერ გამაჩერებენ. მოსალოდნელია პროვოკაცია, ძალადობა და ასე შემდეგ, მაგრამ ვთხოვ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ ამ პროცესს გადახედონ, რადგან ასე მუშაობა შეუძლებელია. არ მინდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს კერზაიას მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდეს. ეშინიათ ჩემი გამარჯვების”, - განაცხადა რულოვსმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია გუშინ ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა. სამმართველოს შენობა წუხელვე დატოვეს წითლიძემ და პატარაიამ, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება მანუჩარ ჩხეტია. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:
გაერთიანებული ოპოზიცია პოლიციას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს (ვიდეო)


Print