ახალი ამბები
აფხაზეთში ახალი მავნებელი გამოჩნდა, რომელიც ევკალიპტს ანადგურებს
აფხაზეთში ახალი ინვაზიური მავნებელი გავრცელდა, რომელიც ევკალიპტს ანადგურებს. ამის შესახებ გამოცემა „აიაირას“ ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა რომან დბარმა განუცხადა.

აფხაზი ეკოლოგის თქმით, ფაროსანასგან განსხვავებით, ახალი მწერი ოფელიმუსი მხოლოდ ევკალიპტს ერჩის. დბარის განმარტებით, მავნებელი, ძირითადად, აფხაზეთის დასავლეთ რაიონებშია გავრცელებული. პირველი დაავადებული ევკალიპტები, ჯერჯერობით, მხოლოდ გაგრაში დააფიქსირეს. მანამდე, ხოლო ხუთი წლის წინ, ისინი სოჭში შეამჩნიეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება მავნებელთან ბრძოლას, ძირითადად, ქიმიკატების გამოყენებით გეგმავს. თუმცა, სპეციალისტის განმარტებით, ვინაიდან ეს ხეები უმთავრესად საკურორტო ზონაში ხარობს, ტერიტორიის ქიმიკატებით დამუშავება სანიტარულ - ეპიდემიოლოგიურ ნორმებს ეწინააღმდეგება.

დბარი თვლის, რომ ოფელიმუსთან ბრძოლის ყველაზე პერსპექტიული მეთოდი, მწერის ბუნებრივი მტრის შემოყვანაა.

Print